სიამაყით გიზიარებთ, რომ წარმატებით განვახორციელეთ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პროექტი “50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერიც გახლდათ ჩვენი მეგობარი Women’s Fund in Georgia. პროექტის მიზანი იყო აჭარის რეგიონის 50 სოფელში მაცხოვრებელი ადამიანების, ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების, გაძლიერება ფემინისტური ლიდერობის მშენებლობისა და არაძალადობრივი გარემოს დამკვიდრებისთვის.
მადლიერები ვართ, რომ საორსა გლობალის წევრებს მოგვეცა შესაძლებლობა, 4 თვეში შემოგვევლო აჭარის რაიონის 6 მუნიციპალიტეტის 50 სოფლის და აღმოგვეჩინა იქ მცხოვრები, საინტერესო ისტორიების მქონე, 50 ქალი. სასიხარულო იყო ადგილობრივთა სტუმართმოყვარეობა, ღიაობა და პროექტის მიმართ ინტერესი. ნათლად დავინახეთ, ამ ადამიანებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. თავს ვიყრიდით როგორც სკოლებსა და სხვა საჯარო სივრცეებში, ასევე სახლებსა და ეზოებშიც. დამსწრეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ასაკის ქალები, მამაკაცები და მოზარდები. ისინი ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენთან შეხვედრის შემდეგ მათ მიეცათ ძალა და დაუბრუნდათ საკუთარი თავის იმედი. ყველგან ერთი და იგივე სურათი გვხვდებოდა: სოფლად მცხოვრებ ადამიანებს სწყურიათ ხარისხიანი განათლება, სჭირდებათ მხარდაჭერა, თანადგომა, მოსმენა და გაგება.
ვეცადეთ, დაგვერღვია ინფორმაციული ვაკუუმი, რა დროსაც ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე, ფემინიზმზე, გენდერული თანასწორობის მიღწევაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, თვითრეალიზაციის შესაძლებლობებსა და მშვიდობის მშენებლობაზე. რეგიონში მცხოვრებ ქალებს ყოველდღიურად უწევთ სტერეოტიპებისგან გამოწვეულ ბარიერებთან ბრძოლა, რისი შეცვლაც ერთობლივი ძალებით სავსებით შესაძლებელია. სამწუხაროდ, აჭარის რეგიონში კვლავაც აქტუალური საკითხია ოჯახური ძალადობა და შეხვედრებზე ვიმსჯელეთ მისი აღკვეთის გზებზეც.
შეხვედრებს უძღვებოდა საორსა გლობალის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლია ფუტკარაძე. ასევე, რამდენიმე შეხვედრაზე მოწვეული იყო “უნივერსალთა ლიგის” პრეზიდენტი ნონა ბაგრატია. ფასდაუდებელია საორსა გლობალის საზოგადოებრივი მენეჯერების მხარდაჭერა, რომლებიც ადგილზე მუშაობით გვეხმარებოდნენ შეხვედრების ორგანიზებაში.
მართალია, ამჯერად ჩვენი პროექტის ფოკუსში 50 ქალი მოექცა, თუმცა ამ მოგზაურობისას გავიცანით ასობით ერთმანეთზე საინტერესო, რეალიზებული ქალი, რომლებიც თავიანთ თემში დადებით ცვლილებებს ახორციელებენ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ ოჯახს. ნათლად დავინახეთ, რომ რეგიონში მცხოვრები ქალებისათვის მწვავედ დგას სრულფასოვანი განათლების მიღებისა და პროფესიული ცხოვრების დაწყება-განვითარების საკითხები, პრობლემებს შორისაა მათი შრომის ხილვადობის ზრდა და აღიარება, საკუთარი შემოსავლის ქონა და თვითრეალიზება. ვისაუბრეთ პროფესიული შესაძლებლობების შექმნასა და უნარების აღმოჩენა-განვითარებაზე, ადგილობრივი მეწარმეობის მნიშვნელოვნებაზე, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ განვითარებასა და მოახდენს ქვეყნის შიდა, ნეგატიური გავლენის მქონე მიგრაციის პრევენციას. მიმდინარე თვეების განმავლობაში პროექტის მონაწილეებთან ინტენსიურმა კომუნიკაციამ დაგვარწმუნა, რომ ეს ურთიერთობები შემდეგშიც გაგრძელდება.
16 მაისს ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი ფოტოგამოფენა, სადაც გამოიფინა 50 ქალის ფოტოპორტრეტი.
იხილეთ 50 ქალის 50 ფოტოპორტრეტის ალბომი.
გიზიარებთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ საინფორმაციო ბარათებს და პროექტის ფოტოალბომს.
პროექტი ინტენსიურად შუქდებოდა მედიაშიც, რისთვისაც მადლობას ვუხდით ყველა მედიასაშუალებას. გაეცანით რამდენიმე მათგანს:
- ლია ფუტკარაძემ, საორსა გლობალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა და მაია სურმანიძე, საორსა გლობალის საზოგადოებრივი განვითარების მენეჯერმა, “ფორმულას” გადაცემაში “ყოველდღე” ისაუბრეს პროექტის შესახებ.
- “აჭარა თაიმსის” ინტერვიუ პროექტის ბენეფიციარ ქეთევან ვასაძესთან.