საორსა გლობალისათვის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების გაძლიერება და მხარდაჭერაა, რა მიზნითაც მორიგი წარმატებული სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი განვახორციელეთ. ერთგული პარტნიორობისა და ფინანსური მხარდაჭერისათვის გულითად მადლობას ვუხდით ბრიტანეთის საელჩოს. პროექტისათვის “ახალგაზრდების საარსებო საშუალებები – შექმენი და დასაქმდი” შეირჩა აჭარაში მცხოვრები, 18-29 წლის 23 ახალგაზრდა, რომელთაც 3 თვის განმავლობაში გაიარეს 60-საათიანი სპეციალიზებული საგანმანათლებლო პროგრამა. იგი მოიცავდა 3 ძირითადი მოდულის თემებს: კარიერული განვითარება და დასაქმების უნარები, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდების კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. მონაწილეებმა მიიიღეს ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები და გაიარეს ჯგუფური ფსიქოთერაპია, რაც მათ დაეხმარება კარიერული ხედვისა და სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაში.
ერთ-ერთი აქტივობის, მეწარმეობის კვირეულის, ფარგლებში ახალგაზრდები ესტუმრნენ აჭარაში მოქმედ საწარმოებს, ხოლო 29 მარტს სასტუმრო “კასტელო მარეში” გაიმართა პროექტის დასკვნითი ღონისძიება და დასაქმების ფორუმი. ეს იყო გაცნობისა და დაკავშირების უნიკალური შესაძლებლობა როგორც ახალგაზრდებისათვის, ისე დამსაქმებლებისათვის. პროექტის წარჩინებულ მონაწილეებს საზეიმოდ გადაეცათ სერტიფიკატები და მოიპოვეს სასურველ ორგანიზაციებში სტაჟირებისა და მენტორინგის შესაძლებლობა.
ვამაყობთ, რომ დასახულ მიზნებს წარმატებით შევასხით ხორცი და ახალი პროფესიული უნარებით აღჭურვილმა 23-მა ახალგაზრდამ თავდაჯერებულად შეაბიჯა დასაქმების ბაზარზე. მოხარულნი ვართ, რომ ცოდნასთან ერთად მათ გავუზიარეთ ჩვენი ორგანიზაციის ღირებულებებიც _ არჩევანის თავისუფლება და თვითგანვითარებაზე ზრუნვა.