“მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური” – პროექტის შეჯამება

საორსა გლობალისათვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალთა უფლებებია და ორგანიზაციამ წელს ამ მიმართულებით მორიგი ქმედითი ნაბიჯი გადადგა. Women’s Fund in Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი “მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური”, რომლის მიზანი იყო საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება ზრუნვის ეკონომიკის და მარტოხელა დედების საჭიროებების შესახებ. ეს ქალები რთულ გამოწვევებს ხშირად სრულიად მარტოები უმკლავდებიან, რაც მათზე მძიმედ აისახება. მათ უწევთ შრომა როგორც სახლში, ისე, ზოგ შემთხვევაში – სამსახურშიც. პროექტის შედეგად, საორსა გლობალმა მარტოხელა დედები მრავალი მიმართულებით გააძლიერა. გარდა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისა, პირველ რიგში, ამ ქალებმა მიიღეს ყველაზე მნიშვნელოვანი – საზოგადოების სოლიდარობა და მორალური მხარდაჭერა. 

პროექტის საინფორმაციო კამპანია ვაწარმოეთ როგორც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, ასევე ორგანიზაციის Facebook და Instagram გვერდებისა და პირადი კონტაქტების მეშვეობით. შედეგად, მასში ჩართვის სურვილით უამრავი მარტოხელა დედა გამოგვეხმაურა. პროექტში მონაწილეობა შეეძლოთ ქალებს მთელი საქართველოდან, თუმცა ბენეფიციარების უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა. ჩვენი ორგანიზაცის მიზანი იყო, რომ კარიერული მონტორინგის, განათლებისა და კონსულტირების გაწევა თანაბრად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები მარტოხელა დედებისთვის. საბოლოოდ, პროექტში 50 ქალი ჩაერთო. პროექტის პირველ ეტაპზევე გამოიკვეთა დედების საჭიროებები განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობისა და სოციალური საკითხების კუთხით. ციფრული კამპანიის ფარგლებში 8 ქალის შესახებ დამზადდა ვიდეოკონტენტი და საინფორმაციო პოსტები, შემდეგ კი განთავსდა ორგანიზაციის სოციალურ ქსელებში. ამას მოჰყვა დიდი ჩართულობა და მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან., რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში არ განელებულა. 

ბენეფიციარებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმ სერვისების შესახებ, რომელსაც მათ სთავაზობს სახელმწიფო როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. მათ ჩაუტარდათ კარიერული განვითარებისა და სოციალური ადვოკატირების ტრენინგები, ასევე ინდივიდუალური ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში საორსა გლობალმა წამოიწყო საქველმოქმედო კამპანია “დაეხმარე მარტოხელა დედას”, რომელიც 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი სურვილების შესრულება ჩვენთვის ძალზე ამაღელვებელი აღმოჩნდა. შეგროვილი თანხით 10 ოჯახს დავუფარეთ ქირის გადასახადი, შევუძინეთ საყოფაცხოვრებო ნივთები და ლეპტოპები. ასევე, დედებმა და შვილებმა ჩაიტარეს სტომატოლოგიური მომსახურება და შეიძინეს საგანმანათლებლო რესურსები.

ვთვლით, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა მარტოხელა დედების ხილვადობის გაზრდაა, რა დროსაც საზოგადოება გაეცნო მათ ისტორიებს. ბედნიერები ვართ, რომ შედეგად ქალებს დაუბრუნდათ საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, გაერკვნენ თავიანთ უფლებებში და მიეცათ მოტივაცია. ასევე, მათ გაუჩნდათ პროფესიების შესწავლისა და მცირე მეწარმეობის დაწყების სურვილი.

გვჯერა, რომ მსგავსი პროექტების სიმრავლე საზოგადოების ამ მოწყვლადი ჯგუფის ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლის და რომ ყველა ჩვენგანის ჩართულობა ამ პროცესში მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მადლობას ვუხდით Women’s Fund in Georgia-ს და ასევე, თითოეულ იმ ადამიანს, ვინც საქველმოქმედო კამპანიაში ჩაერთო.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *