ჩვენი ორგანიზაცია ზრუნავს საზოგადოების იმ ჯგუფებზე, რომელთა უფლებებიც დღესდღეობით ფაქტობრივად უგულებელყოფილია, რომელთა ხმაც არ ისმის. მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მარტოხელა დედები წარმოადგენენ. მაისიდან აჭარის რეგიონში მცხოვრები მარტოხელა დედების გასაძლიერებლად ვახორციელებთ პროექტს “მარტოხელა დედების ზრუნვის საფასური”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია Women’s Fund in Georgia. პროექტის მიზანია ქალთა ამ ჯგუფის ხმის გაჟღერება, საზოგადოების ინფორმირება მათ წინაშე მდგარი რთული გამოწვევების შესახებ და სოციუმის მოტივირება მათ მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატავად.
პროექტში არაერთი ქალი ჩაერთო და გაგვიზიარა თავისი ყოველდღიური გამოწვევები, პრობლემები და საჭიროებები. ერთ-ერთი საჭირბოროტო და მწვავე საკითხია საცხოვრებელი _ მუდმივ ქირაში ცხოვრება და იაფი ბინების არარსებობა. ამას თან ერთვის გარემოს ხშირი ცვლა, რას სტრესულია არამხოლოდ დედების, არამედ ბავშვებისთვისაც. მარტოხელა დედები მოითხოვენ ღირსეულ სამუშაო პირობებს, რომლებიც მოიცავს სამუშაო გრაფიკის ბავშვის მოვლასთან შეთავსების ხელშეწყობას და დეკრეტული შვებულების უფლების უზრუნველყოფას დამსაქმებელთა მხრიდან. ამჟამად კანონმდებლობით ბევრ ქალს არ ენიჭება მარტოხელა დედის კუთვნილი სტატუსი, რაც მათ ისედაც მწირი სოციალური შემწეობის გარეშე ტოვებს.
ამ ჯგუფის ქალებისათვის ხელმიუწვდომელია ფსიქოსოციალური და სამართლებრივი დახმარება, რაც მათთვის ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. მარტოხელა დედები ითხოვენ ხელშეწყობას მცირე ბიზნესის წამოწყებაში, რადგან ეს მათთვის ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის ერთ-ერთი მთავარი გზაა. ამ გზაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამხოლოდ სახელმწიფოს, არამედ დონორების და ბანკების თანადგომა. ასევე სრულიად უსამართლო და დისკრიმინაციულია ის ფაქტი, რომ 600-ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში მარტოხელა დედას ბეგრავენ. ეს იმ ფონზე, რომ ზოგადად წლიურ 3000 ლარამდე შემოსავალი არ ექვემდებარება ბეგარას. აუცილებელია ამ ზღვრის გაზრდა, რათა ისედაც დაბალშემოსავლიანი ოჯახები არ დაიბეგრონ.
ჩვენ შეგვიძლია, ერთობლივად გავუწოდოთ დახმარების ხელი მარტოხელა დედებს და მათი ცხოვრება უკეთესობისაკენ შევცვალოთ.