დღესდღეობით საქართველოში კვლავ აქტუალურია ახალგაზრდების დასაქმებისა და კარიერული ხელშეწყობის საკითხი, რაც საორსა გლობალის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამ კუთხით მუშაობის შედეგად, 1-ელ თებერვალს, ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაზე, საორსა გლობალმა წარადგინა ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით, კვლევის შედეგად, შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელშიც განხილულია საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული გამოწვევები აჭარის რეგიონის მაგალითზე.
ანგარიში ასახავს შრომის ბაზარზე არსებულ, დღევანდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს. კერძოდ, კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ახალგაზრდებისთვის აქტუალურია პროფესიის არჩევისა და თავიანთი პროფესიით დასაქმების საკითხები. დასაქმებისას ისინი ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა მიზერული შრომითი ანაზღაურება, სტაჟირების პროგრამების დეფიციტი, ვიწრო სპეციალობების არარსებობა და მრავალი სხვა. ასევე, კვლევამ აჩვენა კარიერული ცენტრების არსებობისა და კარიერული კონსულტაციის მიღების საჭიროება, რაც ახალგაზრდებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შრომით ბაზარზე ჯეროვან თვითპრეზენტაციაში.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მოიცავს საერთაშორისო გამოცდილებას და მის საფუძველზე შემუშავებულ შესაბამის რეკომენდაციებს.
პოლიტიკის დოკუმენტი „შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები და პერსპექტივები“ შემუშავდა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და კერძო სექტორის ასოციაციების ადვოკატირების შესაძლებლობების გაძლიერების საგრანტო აქტივობის ფარგლებში. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით დოკუმენტზე იმუშავეს საორსა გლობალმა და ინსტიტუციური და შესაძლებლობების განვითარების ცენტრმა (ICDC).
ეს იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული პირველი ე.წ. მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიებას უძღვებოდა საორსას კვლევის სპეციალისტი ლანა სიხარულიძე. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საჯარო სექტორისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრები და სტუდენტები.
იხილეთ სიუჟეტი.
შეგახსენებთ, რომ საორსა გლობალში შეგიძლიათ მიიღოთ კარიერული კონსულტაციის, პროფორიენტაციისა და სხვა სერვისები.