საორსას გუნდის წევრი ლიზა ანთაძე გახდა ფემინისტური ბლოგების კონკურსის გამარჯვებული, რომლის სტატიაც ეხებოდა ჩვენს კურსდამთავრებულს, ნაზი შაინიძეს. ლიზა და ნაზი საორსელები არიან, რომელთა ერთობლივი შემოქმედება გვსურს გაგიზიაროთ.
“ჩემი ცხოვრება ჰგავს იმ გაბზარულ, ვარდებით სავსე ლარნაკს, რომელშიც ყოველ დღე უნდა ჩაასხა წყალი, რომ არ დაიცალოს და გრძნობდე იმას, რომ თუნდაც ჰერბარიუმად ქცეულ ვარდებს აცოცხლებ.” – ნაზი შაინიძე, ქალი, რომელიც გადარჩა ქალების ზოგადი და ყოველდღიური ყოფა ამ სამყაროში, ხშირად, ან კიდევ დროდადრო ცხადყოფს იმ მნიშვნელოვან ემოციურ, სოციალურ, ეკონომიკურ თუ საზოგადოებრივ საზრუნავ საკითხებს, უფრო სწორად კი გამოწვევებს, რომელიც ერთი შეხედვით ყველასთვის ნათელია, მაგრამ ამის თანადროულად ბუნდოვანი და უხილავი. დიახ, ისეთივე უხილავი, როგორიც ქალთა შრომა, ღვაწლი და მათი როლი კეთილდღეობის შექმნის პროცესში.
რთულია, ძალიან რთულია დაწერო ისტორია, მოჰყვე ამბავი მხოლოდ ერთ ქალზე. ან მეტიც, რთულია დასვა ის კითხვები, რომლებსაც ტრავმამდე, წარსულის ღრმა წიაღში მივყავართ.
აქ და ახლა, მე მინდა მოგიყვეთ ისტორია ქალზე, რომელსაც პირველად როცა მოვუსმინე ვთქვი: ნუთუ ამდენად ძლიერი, მედეგარი და ავთენტური ადამიანები ხდებიან მაშინ, როცა მათი ცხოვრება თავდაყირა დგება? ნუთუ ქალი, რომელიც ამოდენად რთულ გზას გადიოდა, ახლა ამოდენად გაძლიერებულია? ნუთუ ეს ასეა? მაშინ ვთქვი, რომ ნაზის ისტორია არის ისტორია, რომელიც სტატისტიკად ქცევის ნაცვლად, შთამაგონებელ და
მამოტივირებელ ამბად იქცა.
გიყვებით ნაზი შაინიძეზე, რომელმაც 1989 წლის 19 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრისგან დაკარგა ოჯახი. დაეღუპა მამა, ორი ძმა და ფეხმძიმე რძალი. ასევე, ექვს სულიანი ბიძიას ოჯახი და სხვა ნათესავები. ნაზიმ ამ მძიმე ისტორიის დროს დაკარგა 15 ახლო ადამიანი.
ნაზი შაინიძე დაიბადა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ წაბლანაში, 1967 წლის 16 მაისს. სკოლის დასრულებისა და გარკვეული პროფესიული სასწავლებლების შემდეგ ჩაირიცხა თსუ-ში იურიდიულ ფაკულტეტზე, რა დროსაც თავს დაატყდა ძალიან დიდი და ენით აღუწერელი უბედურება . ეს იყო მოვლენა , რომელმაც ნაზი მოწყვიტა რეალობას, მან დაკარგა კავშირი გარე სამყაროსთან. ის ვერაფერს ვერ გრძნობდა, თითქმის ხალხსაც ვერ ცნობდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ ჰქონდა საცხოვრისი, სახლი, სადაც შეძლებდა ცხოვრებას. იყვნენ ნათესავები, რომელთა ბუდეში ნაზი აფარებდა თავს. როგორც თავად იხსენებს, ყოფილა დრო რკინიგზის სადგურშიც გაუთენებია ღამე, რადგან არ იცოდა სად წასულიყო.
ამ ყოველივესთან ერთად ნაზი ცხოვრობდა დროსა და სივრცეში, სადაც არ იყო შუქი, ტრანსპორტი, პური, საჭმელი. და თუ კი რაიმეს შოვნა შეიძლებოდა, ეს იყო ტალონზე, თან არასაკმარისი ოდენობით.
“ღამეებს ვათენებდით სტუდენტები მორიგეობით პურის საცხობის რიგში შიმშილისგან რომ დაგვეღწია თავი. განსაკუთრებით 2 წლის მანძილზე არ ვიცი როდის მეძინა. ჩემი დღე და ღამე ერთმანეთში ირეოდა. სიზმრები და რეალობა ერთი მეორეს ენაცვლებოდა, მე კი მიჭირდა მათი გარჩევა. ჩემი ყოველი ნაბიჯი ისეთი მტკივნეული იყო და არის, რომ მუდამ მაქვს შინაგანი ტკივილის ბარიერი, რაც არ უნდა მიხაროდეს, მაინც. ჩემი ცხოვრება ჰგავს იმ გაბზარულ ვარდებით სავსე ლარნაკს, რომელშიც ყოველ დღე უნდა ჩაასხა წყალი, რომ არ დაიცალოს და გრძნობდე იმას, რომ თუნდაც ჰერბარიუმად ქცეულ ვარდებს აცოცხლებ.
მე უკვე 22 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ არასდროს არ მეყოლებოდა ძმა და არასდროს არ ვიქნებოდი მამიდა. შემდეგ იყო ჩემი დაოჯახება, უკრაინაში. ადამიანს რომელსაც ვანდე ჩემი მტკივნეული სული პირველად, აღმოჩნდა მატყუარა და მოღალატე. მაგრამ მე ვარ დედა, მყავს შვილი, რომელსაც ჰქვია ამინი”. მისი გაზრდა მარტოდ მომიწია, რამაც უფრო მეტი ძალა მომცა და ასე ვფიქრობ, შეუძლებელი შემაძლებინა. და ამის შემდეგ დავიწყე ისევ ღია ცის ქვეშ ჩემს შვილთან ერთად ცხოვრება.
მე ვფიქრობ, რომ ადამიანი საერთოდ უნდა იყოს დაუზარელი და უყვარდეს შრომა, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში. არასდროს არ უნდა აკეთებდე საქმეს ანგარებით. მე როცა რამეს ვაკეთებ ან ვუკეთებ ვინმეს, ასე ვფიქრობ, მე მინდა და ამას ვაკეთებ. ამიტომ, ეს ყოველივე ვფიქრობ უნდა იყოს უანგარო.
ქალებს ჭირდებათ ერთმანეთის თანადგომა და სტერეოტიპური ცხოვრებისგან გამოთავისუფლება. იცით როგორ? ისეთი მოძრაობით, როგორც წლის ოთხი დრო ენაცვლება ერთმანეთს, თითქოსდა უმტკივნეულოდ ამ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია თუ რამე ერთხელ არ გამოგივიდა, მეორედ უნდა სცადო, თუ კიდე არ გამოგივიდა, არსებობს სხვადასხვა გზა და უნდა მოსინჯო იქნებ შეგიძლია და აღმოაჩინო შენს თავში ეს შესაძლებლობები ნაზი შაინიძე. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც შეიძლება ადამიანმა მიზნის მისაღწევად გადადგას არის ცდა. ცდა, რომელიც ფაქტობრივად, ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია და რომლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და უნარების განსაზღვრა..
ადამიანის მოტივაცია, სურვილის სიძლიერე და ენერგია ცხადყოფს ცდის რაოდენობასა და მიზნის მიღწევის რაობას. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ხშირად ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვსურს და გვჭირდება. ხშირად ჩვენ უბრალოდ რაღაც არ გამოგვდის ეს მომენტი კი, რატომღაც, უმეტეს შემთხვევაში გადამწყვეტია. გადამწყვეტია იმიტომ, რომ აქ ადამიანის მოტივაციის დონესა და სურვილის სიძლიერეზეა დამოკიდებული მიზნისკენ მიმავალი გზის გაკვალვა. ეს კი, მეტად სიღრმისეული საკითხია, ვინაიდან ადამიანის მოტივირება დამოკიდებულია მასზე და მის შემართებაზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მეტი ცდა გვჭირდება; მეტი ენერგია და მოტივაცია გვჭირდება. ხშირად სურვილი, მისწრაფება, მოტივაცია და შემართება იმდენად დიდია, რომ ცდა ხდება ერთადერთი გზა, რომელიც მიზნის მისაღწევად გვეხმარება. ყველგან და ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციასა და მდგომარეობაში საკუთარი თავი შთავაგონოთ იმით, რომ ცდა მნიშვნელოვანია; რომ დანებება არ მოგვცემს შედეგს პირიქით, ცდა ღირებულია ჩვენთვის, და რომ არ არსებობს დამარცხება, რადგან ცდის დროს ჩვენ ვიღებთ იმას, რაც ცხოვრებაში ყოველთვისაა პრიორიტეტული.