სოციალური საჭიროებების შესწავლა მუნიციპალიტეტისა და თემის დონეზე აჭარის რეგიონში

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საორსამ” USAID – ის ფინანასური მხარდაჭერით ჩაატარა თვისებრივი კვლევა ,,სოციალური საჭიროებების შესწავლა მუნიციპალიტეტისა და თემის დონეზე აჭარის რეგიონში”. კვლევა განხორციელდა პროექტის „მეწარმეობისა და პოლიტიკის დიალოგის ხელშეწყობა აჭარაში მცხოვრები ქალებისთვის” ფარგლებში და მოიცავდა აჭარის რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტს: ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

კვლევის მიზანი გახლდათ მუნიციპალიტეტისა და თემის დონეზე არსებული სოციალური საჭიროებების გამორკვევა, მოგვარების სტრატეგიების სწორად დასახვა და შესაბამისი საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება. ფოკუს ჯგუფებში მონაწილეობას იღებდა სულ 53 რესპონდენტი, აქედან 32 მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ხოლო 21 – მამრობითი.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტსა და თემში გამოიკვეთა მსგავსი სოციალური საჭიროებები. მუნიციპალიტეტების დონეზე მოსახლეობისთვის შემაწუხებელ ფაქტორებს წარმოადგენს ტრანსპორტის სიმცირე, მანქანების გამონაბოლქვი, მაწანწალა ძაღლებით სავსე ქუჩები, მაღალი საცხოვრებელი კომპლექსების აგება, შუქ-ნიშნებისა და პარკირების პრობლემები. თემებში მაცხოვრებლები, ძირითადად, ასახელებენ პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებულია სასმელ წყალთან, ზამთარში დენის არ ქონასთან, გარკვეული სამედიცინო სერვისების არარსებობასთან, მეწყერსაშიშ ზონებთან, სახანძრო სისტემასთან, პროექტების წერის უნარ-ჩვევებთან, ჯანდაცვის კუთხით უფასო სკრინინგების, პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომობასთან და ინფორმაციის დეფიციტთან.

კვლევის ერთ-ერთი ამოცანა გახლდათ სოციალურ საჭიროებათა მოგვარების გზების იდენტიფიცირება; სწორედ მოგვარების გზად მივიჩნიეთ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომლებთანაც თანამშრომლობით, კომუნიკაციითა და აქტიური შეხვედრებით დავისახეთ მიზნად შედეგების მიღწევა. მოცემული პრობლემების გადაწყვეტის გზა მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადგილობრივი მოსახლეობისა და მთავრობის თანამშრომლობითი პრაქტიკებისთვის. პროექტის ფარგლებში მონაწილე ქალებმა ისწავლეს, როგორ შეიძლება მუნიციპალიტეტის, თემის საჭიროება აქციო პროგრამად და ადგილობრივ მთავრობასთან კომუნიკაციით შეძლო მისი განხორციელება. აღნიშნული კვლევა, პროექტის ფარგლებში შერჩეულ საზოგადოებრივი განვითარების მენეჯერებს დაეხმარათ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეედგინათ საბიუჯეტო პროგრამები, რომლებიც წარედგინა ხუთივე მუნიციპალიტეტის მერიას.

კვლევის თანახმად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსახლეობას არაერთი სოციალური საჭიროება გააჩნიათ თავიანთ საცხოვრებელ გარემოში. მათ საერთო, თუ განსხვავებულ საჭიროებებს მივყავართ იმის გააანალიზებამდე, რა პრობლემები შეიძლება გამოვკვეთოთ და როგორ შევძლებთ ეფექტურად მისი გადაჭრის გზების პოვნას. ფოკუს-ჯგუფებში ინტერვიუებმა აჩვენა მოსახლეობის მზაობა მათი საჭიროებების დაინტერესებისთვის, ამიტომაც მნიშვნელოვნად მაღალი იყო რესპონდენტთა ჩართულობა აღნიშნულ პროცესებში. რეალურად, ადამიანებმა კვლევისა და პროექტის ფარგლებში დაინახეს, რაოდენ დიდ ძალას წარმოადგენენ პოზიტიური ცვლილებების გამოწვევისთვის თავიანთ თემებსა თუ მუნიციპალიტეტებში.

საბიუჯეტო პროგრამები

  • ბიო ტუალეტების განთავსება 10 საზოგადოებრივ სივრცეში (ქობულეთი)
  • ინკლუზიური განათლების ცენტრის შექმნა (ხელვაჩაური)
  • ამბულატორიის კეთილმოწყობა (ქედა, ცხმორისის თემი)
  • გინეკოლოგიური და უროლოგიური სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის. (შუახევი, ჭვანის თემი)
  • სახანძრო- სამაშველო სამსახურის შექმნა თემში (ხულო, სხალითის თემი)

 

ბლოგის ავტორი – ლანა სიხარულიძე, საორსას კვლევის სპეციალისტი

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *