გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, მათი ღირსეული შრომა, უწყვეტი და ხელმისაწვდომი განათლება, დასაქმების შესაძლებლობები ის საკითხებია, რაზეც წლების განმავლობაში ვმუშაობთ. ქალთა გაძლიერების მიზნით წამოვიწყეთ მორიგი პროექტი “50 ქალი, 50 სოფელი და მედეგობის ძალა – რეგიონული ფემინისტური ლიდერობის გაძლიერება მშვიდობის მშენებლობისთვის აჭარის რეგიონში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერი გახლავთ ჩვენი ერთგული პარტნიორი Women’s Fund in Georgia.
ვიწყებთ საინტერესო, რამდენიმეთვიან მოგზაურობას, რა დროსაც აღმოვაჩენთ და გაგიზიარებთ აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების 50 სხვადასხვა სოფელში მცხოვრები 50 ქალის უნიკალურ ისტორიას.
რატომ ქალები? იმიტომ, რომ ისინი იმსახურებენ მეტ ყურადღებას, მოსმენას, დაფასებასა და აღიარებას.
რატომ სოფლები? იმიტომ, რომ იქიდან უფრო იშვიათად და ნაკლებად გვესმის ქალების ხმა.
პროექტის მიზანია აჭარის რეგიონის მასშტაბით ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების გაძლიერება ფემინისტური ლიდერობის მშენებლობისა და არაძალადობრივი გარემოს დამკვიდრებისთვის. საორსა გლობალი ყველა შერჩეულ სოფელში მოაწყობს შეხვედრას ადგილობრივ ქალებთან და მათთვის ჩაატარებს საგანმანათლებლო კამპანიას.
გიწვევთ, ჩვენთან ერთად თვალი მიადევნოთ რეალური ადამიანების რეალური ისტორიებს და ახლოდან გაიცნოთ ისინი. ჩვენთან ერთად აღმოაჩინოთ მათი წუხილი თუ სიხარული, მათი ოცნებები თუ ყოველდღიური სირთულეები. რამდენიმე თვის განმავლობაში პროექტში მონაწილე თითოეულ ქალს გადავუღებთ ფოტოპორტრეტს და მოგიწვევთ საჯარო გამოფენაზე, რათა თავად ნახოთ, რამდენი საინტერესო ადამიანი ვიპოვეთ.
მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ: პროექტის პირველი გაჩერება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი კაპრეშუმია.
დეტალური ინფორმაციისათვის მოუსმინეთ რადიო აჭარის გადაცემას.