,,საორსა” – საზოგადოებრივი ორგანიზაცია კარიერული თავისუფლების მხარდაჭერისთვის

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,საორსა”, რომელიც წარმოადგენს ღირებულებებზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, 2018 წლიდან ქმნის და ახორციელებს საგანანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისებსა და პროექტებს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე.

ორგანიზაციის სტრატეგიული ხედვა ეფუძნება კარიერულ თავისუფლებასა და გენდერული თანასწორობის პრინციპებს. საორსამ შეძლო ათასობით ადამიანის გაძლიერება და დღემდე აგრძელებს ადამიანების მხარდაჭერას.

საორსას სასწავლო პროგრამები და სერვისები არის წარმატებული კარიერისადა ბედნიერი ცხოვრების გზამკვლევი. აქ ადამიანებს შეუძლიათ, მიიღონ საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისები ისეთ თემებზე, როგორებიცაა: პროფორიენტაცია და კარიერული განვითარება, დასაქმების უნარები, ციფრული უნარები, მენეჯმენტი,  მეწარმეობა, ლიდერობა, პროექტების წერა, ფოტოგრაფია, კვლევის დიზაინი და განხორციელება და ა.შ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ, საორსას ვებგვერდზე.

საორსას განათლების მოდელი ეფუძნება პიროვნების პოზიტიური ტრანსფორმაციის ხელშეწყობასა და გაძლიერებას. ორგანიზაციის სამყაროს მთავარ ღირებულებას ადამიანის თავისუფლება, თანასწორობა, ბედნიერება და წარმატება წარმოადგენს. თავისუფალი ადამიანი ლაღი, მრავალფეროვანი, ხალისიანი, იმედიანი და გულისხმიერია. წარმატება კი იწყება მაშინ, როცა ადამიანი გაათვითცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში. ხოლო ბედნიერია საზოგადოება, როცა თავისი სიცოცხლისუნარიანობით უწყვეტი ზრუნვის, ერთიანობის და სოლიდარობის ღირებულებათა ჯაჭვს ქმნის.

აღსანიშნავია ისიც, რომ საორსა აქტიურად თანამშრომლობს ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, რომლებსაც ინტენსიურად აწვდის ტრენინგებს, სასწავლო პროგრამებსა და მასტერკლასებს.

საორსას ხედვა

ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი, ჰქონდეს პროფესიის არჩევის, დასაქმებისა და ღირსეული შრომის პრინციპების რეალიზაციის თავისუფლება.

საორსას მისია

ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაძლიერება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისა და ქალებისთვის, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდით და დასაქმების პოლიტიკის ხელშეწყობით.

„ადამიანები იმსახურებენ სიყვარულს, ნდობასა და მხარდაჭერას. მინდოდა, შემექმნა სამყარო, რომელიც ადამიანებისთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის კარიერული ოცნებების ასრულებას, ზრდის პიროვნულ და პროფესიული წინსვლის წყურვილს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს”, – ლია ფუტკარაძე, საორსას დამფუძნებელი.

,,ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” – ორგანიზაციის წარმატებული სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც საერთაშორისო საგრანტო კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა და მიიღო დაფინანსება კანადის საგარეო საქმეთა ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტისგან.

პროექტის მიზანი იყო სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების პროფესიული და სპეციალიზებული უნარ-ჩვევების გამომუშავება, განვითარება და გაძლიერება პოლიტიკურ ლიდერობასა და მენეჯმენტში, რომელმაც ხელი შეუწყო პოლიტიკურ კარიერაში მათ აქტიურ ჩართულობას, დაწინაურებასა და კარიერულ წინსვლას.

,,ჩემთვის, როგორც არა მარტო ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის, არამედ ყველა პროექტის იდეის ავტორისთვის და პროექტების მენეჯერისთვის, ყველა პროექტი თავისი არსით, ხასიათით, მიზნებით, გუნდითა და შედეგებით მიყვარს. საორსას ყველა პროექტი განსაკუთრებულია, რადგან შედეგს ვითვლით ჩვენი კურსდამთავრებულების გაუმჯობესებული პიროვნული, პროფესიული, კარიერული, აკადემიური, ეკონომიკური მდგომარეობით.

პროექტის ,,ახალგაზრდა გოგონათა და ქალთა პოლიტიკური კარიერა და ლიდერობა” ნიშა გახლავთ ის უნივერსალი ქალები, რომლებმაც რეგიონული პოლიტიკური ლიდერობის აკადემიის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს, დაეფუძნებინათ საზოგადოებრივი მოძრაობა „უნივერსალთა ლიგა“, რომელიც გახდა წინაპირობა იმედის, ზრუნვის, გაძლიერების და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ქალთა აქტიური ჩართულობის. საოცარი სიტყვათა წყობა გახლავთ სისტემური ზრუნვა, რაც საორსასთვის გულისხმობს განათლების, გამოცდილების, მხარდაჭერის, ჯანსაღი ურთიერთობების, სიყვარულის თანაბარი ხელმისაწვდომობა ისე, რომ ადამიანის გაძლიერება თემის, მუნიციპალიტეტების, ქალაქის და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობას ქმნის”,  – ლია ფუტკარაძე.

,,უნივერსალთა ლიგა“ – პირველი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობაა აჭარის რეგიონში, რომელიც იმუშავებს სამი ძირითადი მიმართულებით და მისი გამოძახილი – დაასრულე ძალადობა, მოითხოვე ჯანმრთელობა და დაიცავი ბუნება, გააერთიანებს ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნისა და რეგიონის განვითარების პროცესებში აქტიურად ჩაერთოს. მოძრაობა სოციალური სამართლიანობის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის მოტივებზეა დაფუძნებული.

უნივერსალთა ლიგის მიზნებია: საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის შესახებ; საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანის მიზნით, სახელმწიფო და ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და შესაბამისი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება საზოგადოებაში მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

,,უნივერსალთა ლიგა 2024 წელს ბათუმში დაარსდა მზრუნველი ადამიანების მიერ. უნივერსალთა ლიგას სურს, რომ აამაღლოს საზოგადოებრივი ცნობიერება გარემოსა და ადამიანის ჰარმონიული ურთიერთზემოქმედების შესახებ. უნივერსალთა ლიგას სჯერა, რომ მენტალური ჯანმრთელობა, გარემოს სიცოცხლისუნარიანობა და ქალებისა და ბავშვების უსაფრთხოება არ არის მხოლოდ ინდივიდუალური საზრუნავი, არამედ საერთო პასუხისმგებლობა. წარმოვიდგინოთ გარემო, სადაც მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტულია, ჯანმრთელობის სერვისები ადვილად ხელმისაწვდომია, სადაც ჰაერი, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ სუფთაა, და ყველა ქალი თავს დაცულად და გაძლიერებულად გრძნობს.  შენ, ვინც ეხლა ამ ტექსტს კითხულობ, ჩვენი ნაწილი ხარ, ჩვენი საქმის ნაწილი ხარ.

უნივერსალის ლიგაში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ერთად, შენთან ერთად, ჩვენი საერთო ღირებულებებით, შევძლებთ შევცვალოთ ჩვენი რეალობა უკეთესობისკენ, მივაღწიოთ მდგრადობასა და თანასწორობას, შევქმნათ უფრო ნათელი და ინკლუზიური მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შემდგომი თაობებისთვის. გვჯერა, რომ კოლექტიურად, საერთო სულისკვეთებითა და  ადვოკატირებით, ჩვენ ერთად შევქმნით საზოგადოებას, სადაც ძლიერია მხარდაჭერის სისტემები, დაცულია ქალები და გარემოზე ზრუნვა საერთო პასუხისმგებლობაა. შემოგვიერთდით, რომ შევქმნათ უკეთესი გარემო სოფელში, თემში, რეგიონში, საქართველოში. ჯანსაღი მომავალი შენია, ჩვენია და ჩვენი შემდეგი თაობისათვისაა. გახდი ცვლილებების კატალიზატორი, გახდი უნივერსალურ ლიგის წევრი”, – მარიამ მგელაძე, უნივერსალთა ლიგის ვიცე პრეზიდენტი.

აირჩიეთ კონსულტაცია *
სახელი *
გვარი *
ტელ. ნომერი *
ელ. ფოსტა *